суббота, 17 января 2009 г.


მე ვარ ლაშა გუსაშვილი, დავიბადე ქალაქ გორში და ვსწავლობ N8 საჯარო სკოლის II კლასში.
ჩემს ოჯახში ეს სახელი არავის უტარებია, მშობლებმა შემირჩიეს. ჩემს მამიკოს გიორგი ჰქვია, მე ლაშა. ორივეს ერთად კი ლაშა- გიორგი. ლაშა ქართული სახელია და ,, ნათელს ", ,,შუქს " ნიშნავს.
ლაშა-გიორგი ერქვა თამარ მეფის შვილს,საქართველოს მეფეს , რომელიც 1213-1222 წლებში მეფობდა.



თამარი რომ გარდაიცვალა. ლაშა ოცი წლისა იყო. უხვი და უხვად შემკობილი; მშვიდი, კეთილი, უმანკო, ადამიანთა მოყვარე, ჯიუტი, ახოვანი, ღონიერი. უყვარდა ომი, ლხინი, ცხენოსნობა, ნადირობა.
ახლობლები მეფის საცოლედ უცხო ხელმწიფეთა ასულებს არჩევდნენ, ლაშას კი ცოლად ის სურდა, ვინც თვითონ ეყვარებოდა. ველისციხეში ერთი იქაური ქალი მოეწონა, შეუყვარდა, ქმარს მოსტაცა და სასახლეში მიიყვანა. ჯვარი არ დასწერეს. ქვეშევრდომია, ქმარიც ჰყავს და ამიტომ ვერ დაგწერთ, არ შეიძლებაო. კათალიკოსი და ეპისკოპოსები ბევრს ეცადნენ, მაგრამ მეფე ქალს ვერ დააცილეს.
მალე შვილიც ეყოლა, მას დავითი დაარქვა და აღსაზრდელად თავის დას - რუსუდანს ჩააბარა. მღვდლებმა ბოლოს დიდებულები დაიხმარეს, მეფის უჩუმრად ქალი ველისციხეში წაიყვანეს და ქმარს დაუბრუნეს. ლაშას სხვა ქალი ვერ შეართვევინეს, რადგან „ფრიად ქმნულკეთილი“ ველისციხელი ქალი მას ბოლომდე თავდავიწყებით უყვარდა.
ლაშა ომში მიღებულმა ჭრილობამ იმსხვერპლა, ოცდაათი წლისა გარდაიცვალა. სიკვდილის წინ წარჩინებულთ დაუბარა:
- გევედრებით, რომ ჩემს შემდეგ მეფედ რუსუდანი დასვათ. დაე, მან აღზარდოს ჩემი შვილი დავითი და, როცა იგი მეფობასა და მხედრობას შეძლებს, ტახტიც მისცეს.
ლაშა გიორგი გელათში დაკრძალეს.

ლაშარი სალოცავია ფშავ - ხევსურეთში. ალაშარა აფხაზურად ,, სინათლეს " ნიშნავს. ლაშა კავშირშია ამ სიტყვებთან. იგი მომდინარეობს წარმართული ღვთაების სახელისაგან.



ლაშა ბუღაძე (დ. 1977, თბილისი) — ქართველი მწერალი, დრამატურგი.
პირველი პიესა ლაშა ბუღაძემ 19 წლისამ დაწერა ამხანაგების თხოვნით. ეს პიესა თეატრალურ სარდაფში დადგა დათო საყვარელიძემ, ხოლო შემდეგ არტგრუზ ფესტივალზე გავიდა 2000 წელს. ამჟამად ლაშა ბუღაძე ავტორია ესსეების, მოთხრობების, ერთი სრულტანიანი, რამდენიმე ერთაქტიანი და ხუთწუთიანი პიესისა და ერთი რომანის „ვიდრე მთავარ გმირს ეძინა“ (ლიტერატურული პრემია "საბა" - 2007 წლის საუკეთესო რომანი). მკითხველებში ყველაზე დიდი "ხმაური" მისმა მოთხრობამ "პირველი რუსი" გამოიწვია.